ნაჯაფ–სანდალი
სიზმრად ნანახი ინგრედიენტებით

მაისი
29

არის ასეთი ბელგიელი სიურეალისტი მხატვარი – რენე მაგრიტი, საინტერესო იდეებითა და ნახატებით, და კიდევ უფრო საინტერესო    დეტალებით თავის ნახატებზე. ერთ ასეთ დეტალზე მინდა მოგიყვეთ. ბილბოკე ჰქვია (bilboquet). პირველად სწორედ რენეს ნამუშევრებზე ვნახე და მაშინვე ყოვლისმომცველ ვიკას ვესტუმრე დამატებითი ინფოსთვის.

აღმოჩნდა, რომ ბილბოკე სინამდვილეში იაპონური სათამაშოს – კენდამას ვესტერნიზებული ვარიანტია. კენდამას ჩაქუჩის ფორმა აქვს, რომელზეც ძაფით  ბურთია გამობმული.ბურთს, რომელსაც თამას (tama) ეძახიან, ნახვრეტი აქვს, რომლითაც მოწყობილობის ლურსმანისებურ გაგრძელებაზე შეიძლება დამაგრდეს.  ჩაქუჩის ფორმის სახელურს კენი (ken) ჰქვია. კენის ზემოთა მხარეს, გვერდებზე ყურებივით გამოშვერილი ნაწილები სინამდვილეში ჩაზნექილი, ჭიქის ფორმის გამონაზარდებია, მაგითაც შეიძლება ბურთის დაჭერა. ეს “ყურები” ერთი შეხედვით თანაბარი ზომისაა, მაგრამ სინამდვილეში ერთი ოდნავ დიდია მეორეზე. დიდს ოზარა ჰქვია, პატარას – კოზარა. ასეთივე, ბურთის მოსათავსებელი  “ჭიქა” აქვს კენის სახელურს ქვემოთაც, სახელად – ჩუზარა.

იაპონიაში კენდამას მოთამაშეთა ასოციაციაც არსებობს. ძირითადად საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ, მაგრამ ხანდახან შეჯიბრებებსაც აწყობენ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი იაპონელი კენდამას დამამზადებლის თქმით, არსებობს ბურთის დაჭერის 30,000–მდე ილეთი. კენდამას ევროპაში უკვე რამდენიმე საუკუნეა იცნობენ. ერთ დროს საფრანგეთისა და ინგლისის სამეფო კარზე ყოფილა ძალიან პოპულარული.

თუ ზემოთა აღწერილობიდან ვერაფერიც ვერ გაიგეთ, არა უშავს 😀 სანამ იუთუბზე არ ვნახე, როგორ თამაშობენ, ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ამ რაღაცით თამაში 🙂 🙂


Advertisements
დეკ
29

გუშინ ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი, სადაც შემხვდა ფრაზა ‘არის რაღაცეები, რასაც ცხოვრებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევი. პირველ ყოვლისა, ცხადია, ეს სიკვდილია. მერე მოდის გადასახადები და მერე კიდევ “ბიტლზი”. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია’. ვკითხულობდი და მეღიმებოდა, იმიტომ რომ ბითლომანიის მსგავსი აღიარება ყველაზე მახვილგონივრულია, რაც ოდესმე მომისმენია ან წამიკითხავს, და რაც მთავარია, მე მას ვეთანხმები. 🙂

წელს, 22 სექტემბერს, ნორფოლკის კინგს ლინის ჰოსპიტალში ერთი უბრალო დიასახლისი გარდაიცვალა. 46 წლისა ავტოიმუნურმა დაავადებამ შეიწირა. მის არსებობას და მით უმეტეს – გარდაცვალებას ვერასოდეს შევიტყობდით, რომ არა 2 წლის წინ BBC-ის რადიოსთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ჯულიან ლენონთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში. მას ლუსი ერქვა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჯონ ლენონმა შვილს საბავშვო ბაღში მიაკითხა წამოსაყვანად, ჯულიანმა მას ბავშვური ნახატი აჩვენა და ახარა: ‘ეს ლუსია, ცაში, ბრიალიანტებთან ერთად’. ასე დაიბადა ლეგენდა.

სიმღერა ბითლზის 1967 წლის ალბომში  Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band შევიდა.  საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, კომპოზიცია სინამდვილეში ნარკოტიკული საშუალების – LSD-ს პროპაგანდას წარმოადგენდა. (Lucy in the Sky with Diamonds). ლენონი სულ უარყოფდა ამ დამთხვევას, მაგრამ 2004 წელს პოლმა ბი–ბი–სის განუცხადა – ‘ეს ხომ ისედაც აშკარაა’–ო.

მე მაინც ლუსისეული ვერსიის დაჯერებას ვარჩევდი. ლამაზია და ბავშვურად რომანტიული 🙂

ოქტ
13

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, უფრო სწორად, რაღაცეების წერა დავიწყე, მაგრამ როგორც ყველაფერი, რასაც ხელს ვკიდებ ხოლმე, ესაც შუა გზაზე მივატოვე –  ბლოგები დრაფტად დარჩა, დაუმთავრებელ–გამოუქვეყნებელი 🙂 ამ პოსტის დაწერისკენ კი ფსიქეს პოსტმა მიბიძგა, სადაც მან თეატრში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოგვითხრო და მეც მომინდა რამდენიმე ეპიზოდი გამეზიარებინა.

წარმოიდგინე, ერთი თეატრის მოყვარული, ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, საჩუქრად ‘ფაუსტის’ ბილეთები გიხარია და მთელი კვირა ფრთაშესხმული დაფრინავ დაუვიწყარი შაბათ საღამოს იმედით. ყოველ დილა–საღამოს ითვლი: სამშაბათიც გავიდა, ხვალ უკვე ოთხშაბათია; ხუთშაბათი დაღამდა, პარასკევიც და მეშველება… და აი, როგორც იქნა, შაბათიც დგება. 3 საგნის / 6 საათის განმავლობაში მოთმინებით იტან მოსაწყენ ფასიან ქაღალდებზე ლექციას, მომდევნო 2 საათი ჯეოპარდით გაგყავს დრო და აი, ნანატრი 8 საათიც მოაღწევს ბოლოსდაბოლოს. თეატრალური ელიტის ბრწყინვალებით სავსე არეულობაში წყნარად, ნაბიჯ–ნაბიჯ აღწევ სანუკვარ ადგილს, სავარძელში ჩაესვენები და ნეტარი სახით ელი შუქის ჩაქრობას…

სპექტაკლი შესანიშნავია, დასი ლატვიიდან – წარმოუდგენელ საოცრებებს სჩადის სცენაზე, დარბაზი სულგანაბული მისჩერებია დოქტორ ფაუსტის ვნებებს და ცრემლებს აღვარღვარებს გრეტხენის საცოდაობით, ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს … დიახ, დიახ, სწორად გამოიცანი მეგობარო, ნოკიას სტანდარტული, სრულიად ჩვეულებრივი, ტარა–რაა–რა, ტარა–რაა-რა, ტარა–რაა–რა რა. თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, რა საჭიროა ერთი მობილური ზარის გამო ამ შემთხვევის ასე დრამატიზება, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ერთი შემთხვევაა არაა, ასეთი რამეები სულ ხდება, თეატრში, კინოში, კონცერტზე. ასეთივე სატელეფონო საუბრის მოწმე გავხდი 1–2 კვირის წინ ‘შემოდგომის თბილისზეც’, ჩემს უკან მჯდომმა თითქმის მთელი 5 წუთი ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ფერის ჩანთის ჩამოკონწიალებას აპირებდა მეორე დღეს რაღაც საღამოზე და რატომ არ უხდება ლილიკოსგან ნათხოვარი ფეხსაცმელი ახალ კაშნეს 😀

გავარტყი ‘ყველაზე კულტურული ერის’ შაბლონს, საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები არ ვიცით და მობილურის silent mode ფუნქცია ვერ გამოგვიყენებია /mad/. ნამეტანი აღვფშოთდი მოკლედ 😀

ვიდეო ჩემნაირი აღშფოთებულებისთვის 🙂 თურმე მარტო ჩვენთან არ ხდება მსგავსი რამეები და ჰიუ ჯეკმანის შოუსაც შეიძლება შეუშალოს ხელი უწყინარმა მობილურმა 🙂

აგვისტო
14

ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ზაფხულში 1 კვირაზე დიდი ხნით დასვენება მეღირსა, თუმცა ამჯერად ეს დასვენება იძულებითია – მაისიდან უმუშევართა მრავალრიცხოვანი არმიის რიგითი გავხდი. ბევრჯერ მითქვამს დიდაქტიკური ტონით – შენ სურვილი თქვი და სამსახურის პოვნას რა უნდა, ე.წ. Summer-job მით უმეტეს–მეთქი, მაგრამ 2–3 თვიანი მონდომებული „ნადირობის“ შემდეგ დავრწმუნდი სურვილი –> გამოხატვა –> ინტერვიუ –> სამსახური ფორმულის არაეფექტურობაში (ეს – თუ იხტიბარს არ გავიტეხ, თორე ისე – სამუშაოს პოვნა პერსპექტიული ახალგაზრდისთვის /Cool/, რომელიც ჯერ ისევ სტუდენტია – თითქმის შეუძლებელია პროტექციონიზმის გარეშე).

მოკლედ, ასე, უსამსახუროდ დარჩენილს, თანაც საუნივერსიტეტო არდადეგების პერიოდში, სხვა რაღა დამრჩენოდა და მშობლიურ მენგრელიას მოვაშურე შემოდგომიდან უკეთესი Job-Hunting ამინდის იმედით.

ალბათ იმ ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომელიც სასწავლებლად ან სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრება სხვა ქალაქში, კარგად არის ცნობილი იმ უნიკალური ქართული (ან იქნებ მხოლოდ მეგრული? :not sure: ) ფენომენის შესახებ, რომელიც რამდენიმე წინადადებით შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: გამარჯობა–როდის ჩამოხვედი–როდის მიდიხარ : სადაც არ უნდა მოხვდე, ნებისმიერი შემხვედრი, რომელსაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს შენზე (რაც ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ მასშტაბებს აღწევს პატარა ქალაქებში), სალმისთანავე გისვამს ორ ზემოთხსენებულ „სავალდებულო“ შეკითხვას, თანაც ისე, რომ შენს პასუხს არ ელოდება და დიდად არც აინტერესებს.

სალმისებრთა ოჯახის ამავე ტიპის კითხვა–პასუხს წარმოადგენს მეტად გავრცელებული და ჩვეულებრივზე–ჩვეულებრივი „როგორ ხარ?“, თუმცა აქ მას ერთვის საფუძვლიანი ახედ–დახედვა, მრავალმნიშვნელოვანი ჩაცინება და სტანდარტული „კარგად ყოფილხარ“, რომლის შემდეგაც ან სიამოვნებისგან იბადრები, ან ზევსის სამთითს და ელვა–ჭექა–მიწის გასკდომას ნატრობ (გააჩნია მთქმელს, ჩაცინების ხასიათს, კომპლექსის ხარისხს და რიგ კრიტერიუმებს) ანაც (ჩემს შემთხვევაში 🙂 )  – სტატისტიკის წარმოებას განაგრძობ:  27… 58… არა ეგ თამაზი იყო, 59 …

მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიყვარს აქაურობა და აქაურები და სინანულის გრძნობით ვტოვებ ხოლმე, თუმცა ჯერ–ჯერობით აქ ვარ და ვეცდები ნაირ–ნაირი მეგრული ამბებით მოგამარაგოთ, ამჯერად სულ ეს იყო. 🙂

ივლ
10

რატომღაც ყოველთვის მაწუხებდა უსაფუძვლო პრეტენზია, რომ წერა შემიძლია. არა უბრალოდ წერა, არამედ ისეთ თემებზე და ისე წერა, რაც სხვასაც დააინტერესებდა. დღეიდან საშუალება მეძლევა ამ ილუზიას ერთხელ და სამუდამოდ გამოვეთხოვო და ვწერო მხოლოდ საკუთარი ჭიის გასახარებლად. ბლოგი საშუალებას მომცემს ანონიმურობა შევინარჩუნო (პირველ ხანებში მაინც :)), არა იმიტომ კი არა, რომ მეტად “ცნობადი” სახე ვარ და ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას ვერიდები, ასე, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილს საკუთარ კომპლექსებთან შერკინება გამიადვილდება მგონია. საკუთარ აზრს ყოველთვის პირდაპირ გამოვთქვამ ისედაც, მაგრამ შინაგანი “ცენზურა” მაქვს ყოველთვის ჩართული და მუდამ კორექტულობის ფარგლებში ვცდილობ გამოვხატო შეხედულებები. არადა ხანდახან კარგი, მადლიანი “შეკურთხებაც” ჰალალია 🙂