ნაჯაფ–სანდალი
სიზმრად ნანახი ინგრედიენტებით

Mar
21

(ნაწილი მეორე)

ახალ ქალაქში ახალი გარემო დაგხვდა.

ცოტა გაგვიძნელდა მიგნება, რადგან მითითებულ მისამართზე წამოჭიმული კერძო სახლი ნაკლებად ტოვებდა სამედიცინო დაწესებულების შთაბეჭდილებას, ამიტომ პირდაპირ შესვლას მოვერიდეთ, საკონტაქტო პირი კი ჯიუტად არ პასუხობდა ჩვენს ასევე ჯიუტ ზარს. ბოლოს როგორც იქნა გვიპასუხა და აღმოჩნდა, რომ სწორად მოვედით. ახალგაზრდა გოგო გამოგვეგება და მეორე სართულისკენ გაგვიძღვა. აქ სიურპრიზი გველოდა – დიდ დარბაზში, წრეზე ისხდა 15–ოდე ადამიანი, რომლებიც დიდი ხანია, გველოდნენ. გაგვეცნენ. 3–4 თანამშრომელი, დანარჩენი – პაციენტები და ოჯახის წევრები. არ მინდა სათითაოდ, დაწვრილებით მოგიყვეთ ყველა პაციენტზე, მათი ისტორიები ერთმანეთსაც ჰგავს და ძალიანაც განსხვავდება ერთმანეთისგან, უბრალოდ ერთ განსაკუთრებულ ქალზე მინდა გიამბოთ.

მან დააგვიანა. ტექნიკურ საკითხებზე კითხვები თითქმის ამოწურული გვქონდა, როცა კარი შემოაღო და მთელ წრეს ჩამოგვიარა. დიდი ოვაციით შეხვდნენ–მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ყველანი ახმაურდნენ. – ჩვენი თანამშრომელიაო, გამაგონა სულ თავიდან გამოგებებულმა გოგომ. ესაც ყველას სათითაოდ მიესალმა, მეც ლოყაზე მაკოცა და ხელი ჩამომართვა, მერე ჩვენს წინ დაჯდა და აბა, გისმენთო.

ქერა იყო, სადა მაკიაჟით და ცოცხალი თვალებით. ჯერ სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდიდა, მერე მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გვიამბო, ბოლოს კი ყველაზე მტკივნეულ თემას შევეხეთ – საზოგადოებას და არსებულ სტიგმას. ძნელიაო, ამბობდა, ‘პატარა ქალაქის ფაქტორი’ მოქმედებს და აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებს აქ განსაკუთრებით უჭირთო. მე მეორე სამსახურშიც ვმუშაობ და იქ რომ გაიგონ, ინფიცირებული ვარ, აუცილებლად გამომაგდებენო.

თავიდან მეგონა მომესმა. შეიძლება ჯერაც წინა ქალაქის შთაბეჭდილებების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი, ან იქნებ აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებზე ჩემი ზოგადი წარმოდგენის ბრალი იყო, მაგრამ ფაქტია – პირი დავაღე. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანი, რომელსაც თითქმის 3 წელია ეს დიაგნოზი დაუსვეს, შეიძლება ასეთი ჩვეულებრივი, უფრო სწორად, ასეთი არაჩვეულებრივი ყოფილიყო.

შეიძლება ჩემს რეაქციაზე გეცინებათ, მაგრამ სანდროს შემდეგ ეკას ნახვა ალბათ თქვენზეც ანალოგიურად იმოქმედებდა. 46 წლის, 3 შვილის დედა, ულამაზესი და უთბილესი ადამიანი.

–როცა ადამიანი იგებს, რომ აივ/შიდსზე მისი შედეგი დადებითია, მთელი სამყარო თავზე ენგრევა. ბევრისთვის ცხოვრება მთავრდება, დარჩენილი დრო მათთვის უბრალოდ ტანჯვისა და მოლოდინის საათებია, რომელთა განმავლობაშიც ‘სამარცხვინო’ დიაგნოზის ჯვარი უნდა ზიდონ, ამიტომ ძალიან ბევრი თვითმკვლელობაზე ფიქრობს. მე ვეუბნები: “შემომხედეთ! მე 3 წელია ავად ვარ და ჯერ ისევ ცოცხალი ვარ! ქმარს ვუყვარვარ, ვმუშაობ, სიცოცხლეს ვაფასებ და ყოველი დღით ვტკბები, თქვენ ვერ აცნობიერებთ, ცხოვრება რა მშვენიერია!” არ მიჯერებენ ხოლმე: “მატყუებ! უბრალოდ გინდა მანუგეშო!” მაგრამ მალევე რწმუნდებიან, რომ არაფერს ვიგონებ და უნდა ნახოთ, გარკვეული დროის შემდეგ, სრულიად სხვა ადამიანები არიან.

ხალხში არსებული წარმოდგენებით, აივ/შიდსით მარტო მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მათთან ძრომიალის მოყვარულები, ნარკომანები და გაუკუღმართებული მიდრეკილებების ადამიანები ავადდებიან. ეს არ შეიძლება ჩვეულებრივ, საშუალო–სტატისტიკურ მოკვდავს დაემართოს, ამიტომაც დაავადებულ ადამიანებს საზოგადოება რიყავს. ამაზე არც ლაპარაკობენ, ამის განხილვა ხომ ‘სამარცხვინოა’.

slogan

–ერთხელ სასწრაფო ქირურგიული ჩარევა დამჭირდა. რა თქმა უნდა, ექიმს გავუმხილე, რომ დადებითი სტატუსი მქონდა, მან კი უარი მითხრა მომსახურებაზე. ამ ქალაქში ექიმი არ მოიძებნა, რომელიც დახმარებას გამიწევდა, ყველამ კარი მომიხურა.

კბილის ტკივილი ალბათ ბევრს გამოგიცდიათ. ძალიან ძნელი მოსათმენია, ვერც ჭამ, ვერც სვამ ნორმალურად, მოკლედ, აუტანელი რამაა. იცით, როგორია ალბათობა, რომ აივ/შიდსით დაავადებულმა ადამიანმა ისეთი დანტისტი იპოვოს, რომელიც მკურნალობაზე დასთანხმდება?

–ჩემი სამივე შვილი ჯანმრთელია, მაგრამ თუ ჩემი სტატუსის შესახებ გახმაურდება, დარწმუნებული ვარ, ვერც სკოლაში ივლიან და საერთოდ, ამ ქალაქში აღარ დაგვედგომება.

სტატუსს არ ამხელს, მაგრამ დღეს და ღამეს ასწორებს, საინფორმაციო კამპანიას არ აკლდება, საჯარო ლექციებს კითხულობს, სკოლებში ბავშვებთან შეხვედრებს აწყობს – ყველას უყვება, რა არის შიდსი, როგორ გადადის და რა თქმა უნდა – როგორ არ გადადის.

–სულ ვცდილობ, ამაზე ვესაუბრო ადამიანებს. უფროსი თაობის ხალხთან უფრო რთულია, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე ‘მაგათი არაფერი გვინდაო’, აი ახალგაზრდებს კი აინტერესებთ. სკოლაში ბიოლოგიის სახელმძღვანელოს ერთი თავი აქვს ამ საკითხს დათმობილი და ძალიან ნელა, მაგრამ ყალიბდება ახლებური ცნობიერება. ჩემი ქმარი მეხუმრება ხოლმე, რისთვის იკლავ თავს, ვიყოთ ჩვენთვის, არც ყურადღებას მივიქცევთ და უფრო სახალისო საქმისთვისაც დაგვრჩება დროო, მაგრამ ზუსტად ვიცი: შეიძლება ჩემთვის არაფერი შეიცვალოს, მაგრამ 10–15 წლის შემდეგ ადამიანებს არ მოუწევთ მუდმივ შიშში ცხოვრება “რომ გაიგოს ვინმემ, რა მოხდება”; არ მოუწევთ, დედაქალაქში ირბინონ კბილის დასაპლომბად და წლობით წამლების მალვა საკუთარ სახლებში იმაზე ნერვიულობით, დედამთილ–მამამთილი რას იფიქრებს.

არ ვიცი, რა ეშველება ჩვენს დამახინჯებულ ცნობიერებას, საზოგადოების მენტალიტეტს და ლამის სისხლში გამჯდარ სტიგმას. როდის შევიგნებთ, რომ ეს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს. იშვიათად შემხვედრია ეკასნაირი ძლიერი ადამიანი, მას შეუძლია ამაყად თქვას – ‘იცი, მე სამყარო უკეთესობისკენ შევცვალე’ და ეს სიმართლე იქნება. There is still hope for us.

 

Mar
13

არ ვიცი, რამდენად მაქვს ამაზე წერის უფლება, ვარღვევ თუ არა ამით ამ ადამიანების უფლებებს, მაგრამ კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად სახელებს და ტოპონიმებს შევცვლი, ისტორიებს კი უცვლელად დავტოვებ.

……………

სწავლისა და სრულგანაკვეთიანი სამსახურის გარდა ხანდახან შეთავსებით თარჯიმნადაც ვმუშაობ. ამჯერადაც ასე მოხდა – შემომთავაზეს ერთ უცხოელს შაბათ–კვირას რამდენიმე ქალაქში გავყოლოდი პალიატიური მზრუნველობის ცენტრების მოსანახულებლად. ვიცოდი, რომ ექიმებს უნდა შეხვედროდა და გასაუბრებოდა, გაეგო რა პრობლემები აქვთ, რა სჭირდებათ, ა.შ.

მათთვის, ვისაც არაფერი სმენია პალიატიური მზრუნველობის შესახებ: ეს არის მზრუნველობა ისეთ პაციენტებზე, რომელთა დაავადებაც მკურნალობას აღარ ექვემდებარება, დიაგნოზი სასიკვდილოა (მაგ. ბოლო სტადიის კიბო, აივ/შიდსი), მაგრამ შესაძლებელია მათთვის ტკივილის შემსუბუქება, ფსიქოლოგიური თანადგომა და ამგვარად, მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის ერთგვარი გაუმჯობესება.

აი ჩავედით ერთ–ერთ ქალაქში, გავესაუბრეთ ექიმს, ექთანს, მომუშავე პერსონალს და მერე პაციენტის სანახავად წასვლა შემოგვთავაზეს, რაზეც სტუმარი სიხარულით დაგვთანხმდა, თვითონაც ვაპირებდი თხოვნასო, აღნიშნა.

წავედით სანდროსთან, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს. სანდროს შიდსი აქვს. 3 წელზე მეტია, რაც დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ 32 წლის იყო, პროფესიონალი მოცეკვავე. დაქორწინებული, შვილიც ყავდა. ერთხელაც შვილი ავად გაუხდათ, სიცხე ვერაფრით დაუწიეს. ადგილობრივ საავადმყოფოში რომ ვერაფერი გაუგეს, თბილისში გადმოიყვანეს, სადაც გამოუცხადეს – ბავშვი ინფიცირებულია და მშობლებმა სასწრაფოდ ანალიზი აიღეთო. ორივეს პასუხი დადებითი იყო, ჩვილი მოკვდა, ცოლი – ვერ გავიგე, სად გაქრა, რადგან მასზე არაფერს მოგვიყვნენ.

სანდროს დედა ალბომებს იღებს, გვათვალიერებინებს და ღიმილით გვიყვება, რა ყოჩაღი ბიჭი იყო სანდრო, როგორ უყვარდა ფეხბურთის თამაში და ცეკვა. ფოტოებიდან ანცი ღიმილით უსიმპათიურესი ბიჭი შემომყურებს, ხან – კინტოურად გამოწყობილი არგენტინულ სცენაზე, ხან – 49–ერების მაისურში გოლდენ გეითის ფონზე.

–ვაა, რამდენ ქვეყანაში გიმოგზაურია! – ვეუბნები.

ის კი სუსტად მიღიმის და ოდნავ მიქნევს თავს.

თითქმის 6 თვეა ლოგინადაა ჩავარდნილი და ვეღარ დადის. ძალიან განიცდის გარე–სამყაროსგან მოწყვეტას. მეგობრები სულ აკითხავენ, ართობენ, წვერის გაპარსვის რიტუალიც კი შემუშავებული აქვთ, მაგრამ სანდრო მაინც ძალიან განიცდის. თან ვეღარც ლაპარაკობს. რომელიღაცა ინფექციამ მეტყველების დარღვევა გამოიწვია, დასუსტებულ ორგანიზმს ხომ თანდათანობით უფრო და უფრო მეტად უჭირს სხვადასხვა ინფექციებთან გამკლავება. ნერვები ეშლება, რომ გამართულად ვეღარ მეტყველებს და თუ კარგ ხასიათზე არ არის, არავის ეკონტაქტება.

–იცი, ნიუ–იორკში მეც ვიყავი ადრე, დიდი ხნის წინ, მაგრამ თავისუფლების ქანდაკების ფონზე ფოტო გადაღებული არ მაქვს, – ვეუბნები.

ისევ მიღიმის, რაღაცნაირად, სუსტად, მაგრამ თვალები უნათდება.

–თქვენს წინააღმდეგ დისკრიმინაციას ხომ არ ჰქონია ადგილი? – ეკითხება უცხოელი.

–ჯერ მაგ სიტყვის მნიშვნელობა უნდა აუხსნათ, – იცინის ჩვენი გიდი ექთანი – სანდროს იმდენად თბილად ექცევიან და ყველას ისე უყვარს, რომ მაგ კითხვას ვერც გაიგებს.

სტანდარტული ინტერვიუს ბოლოს, რომლის განმავლობაშიც კითხვებს დედა ან ექთანი პასუხობენ, ტომი მთხოვს:

–იქნებ ამ კითხვაზე თვითონ სანდრომ გვიპასუხოს.

–სანდრო, რისი გეშინია ცხოვრებაში ყველაზე მეტად?

–იცით, პროგრამას დაფინანსება რომ შეუმცირონ, სულ უწამლოდ დარჩება, ისედაც გაუსაძლისი ტკივილები აქვს მორფის გარეშე – იწყებს ექთანი.

–დააცადეთ რა, – ვაწყვეტინებ.

მიყურებს. კიდევ მიყურებს. მერე ძლივსგასაგონად, ჩუმი ხმით, მოკლედ ამბობს:

–დროის.

ენის წვერზე ვიჭერ ძველ, ‘სვეჩკა’ ფრაზას – “ამქვეყნად ყველაფერს ეშინია დროის, დროს კი ეშინია პირამიდების”.   ვფიქრობ, ღმერთო, რა დროს ანდაზებია. ტომი აგრძელებს:

–ამ წუთას რას ისურვებდი, რა გჭირდება ყველაზე მეტად?

ისევ მიყურებს, ლოყაზე ცრემლი უგორდება:

–იმედი.

მერე ვემშვიდობებით, ხელს ვუქნევ:

–იცოდე, ყოჩაღად იყავი.

………………..

ჩავდივართ ჩაბნელებული კორპუსის ვიწრო, გაუთავებელ საფეხურებზე და ქვითინი მახრჩობს.

–ვერ გაუძელი არა? მე კი აქ კვირაში რამდენჯერმე მოვდივარ, – მეუბნება ექთანი.

–ვწუხვარ, რომ ასეთ ადგილას წამოგიყვანე, აი ასეთი მძიმე სამუშაო მაქვს, – მანუგეშებს ტომიც.

მანქანაში ვსხდებით და შემდეგი ქალაქისკენ ვიღებთ გეზს.

………

to be continued

 

Oct
17

იყო დრო, როცა ნიუ–იორკის შტატში ვცხოვრობდი ორდების ოჯახთან. ჩემს გარდა კიდევ ერთ გაცვლით სტუდენტს მასპინძლობდნენ. მე რომ ჩავედი, ის უკვე 6 თვეა მათთან ცხოვრობდა და მხოლოდ 6 თვეღა ჰქონდა დარჩენილი. სამხრეთ კორეიდან იყო, დან–გან ლი ერქვა, ჩვენთვის – უბრალოდ შონი. ძალიან დავმეგობრდით. შეუხედავი, ერთი შეხედვით მოუქნელი ტიპი იყო, თან – რაღაც დეპრესიული, მაგრამ ისე მოხდა, რომ მართლა დავმეგობრდით. მის შემცვლელ ბრაზილიელ ალექსთან ასეთივე ურთიერთობა აღარ მქონია.

ჯენეიც უნდა ვახსენო, ჩვენთვის – უბრალოდ ნეი. მასპინძლის შვილი, ჩემზე 2 წლით უფროსი. ნეი, რომელიც ჩემთვის უფრო მეტად იყო და, ვიდრე ჩემი ნამდვილი დაა. ნეი, რომელიც სახლში თუ იყო, ჩემთან ლაპარაკის გარეშე ვერ იძინებდა, რომელმაც ფილმები შემაყვარა. ჯენეი, რომელმაც ცხარე ცრემლებით იტირა, როცა მოვდიოდი და ჩემს გასაცილებლად კოლეჯის ინტერვიუ გააცდინა. რომელიც ბავშვურად დამპირდა, რომ არავის გაყვებოდა ცოლად, თუ მე არ მოვუწონებდი არჩევანს და მეც დავპირდი, რომ ჩემს რჩეულს აუცილებლად გაიცნობდა.

ჩვენ სამნი განუყრელები ვიყავით. შონმა ტენისის (ჩოგბურთის) თამაში მასწავლა, ჯენეიმ – ფეხბურთის, ორივემ ერთად კი ცხოვრებაში პირველად წამიყვანა საციგურაო მოედანზე. ასეთი წვრილმანები ბევრი იყო, მე ბედნიერი ვიყავი.

მერე შონი წავიდა. ერთი პერიოდი ძალიან ხშირად ვწერდით ერთმანეთს, მერე დედამისმა მკაცრი რეჟიმის სკოლაში გაგზავნა (ჩვეთან საბჭოთა დროს რომ ე.წ. “ინტერნატები” იყო, დაახლოებით ეგეთი ტიპის) და ისიც 8–9 თვით დაიკარგა. როცა ისევ გამოჩნდა, მე უკვე საქართველოში ვიყავი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახალი მეგობრები მყავდა, ახალი გარემო, მოკლედ, ნოსტალგიურ ხასიათზე ნაკლებად ვიყავი. შონს სკოლა დაემთავრებინა და სამშვიდობო მისიას შეერთებოდა. მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, სადაც ჰუმანტარული ტვირთი და დახმარება იყო საჭირო და სადაც მიავლენდნენ.

სულ ბოლოს რომ ველაპარაკე, პაკისტანში იყო. იქ ტერაქტი მოხდა, რომელსაც შონიც შეესწრო და გაოგნებული იყო, ძალიან განიცდიდა. ეს იყო და ეს, ამის მერე შონზე აღარაფერი მსმენია. რამდენჯერმე მივწერე, მაინტერესებდა, ცოცხალმა თუ გამოაღწია, მაგრამ ჯიუტად არ მპასუხობდა. ამასობაში 1 წელი გავიდა, 2, 3 და უკვე აღარც მახსოვდა. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ჩემი ამერიკული 1 წელი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა სიზმარს, რომელიც უფრო და უფრო უფერულდება.

ჯენეის ათიოდე დღის წინ ჰქონდა ქორწილი. ის გათხოვდა, მე კი ფეისბუქზე მივულოცე. ფოტოებს რომ ვათვალიერებდი, ვფიქრობდი, ‘აი რას შვება დრო. ისე კარგავ ადამიანებს, მოხედვასაც ვერ ასწრებ’.

დღეს ძველ ი–მეილს ვამოწმებდი, რომელსაც 2–3 თვეში ერთხელ თუ ვათვალიერებ და მოულოდნელად, შონის წერილი აღმოვაჩინე. ჯერ გამიკვირდა, მერე გამიხარდა, მერე – უზომოდ გამიხარდა. ახლა ინგლისშია, ფსიქოლოგიას სწავლობს, თავისი და ძალიანაც ენატრება და თუ მოახერხა, იქნებ საშობაოდ ჩამოვიდეს გელფრენდთან ერთად.

თავიდან ძალიან ნოსტალგია შემომაწვა, გამახსენდა ‘წინა ცხოვრება’, ყველა და ყველაფერი რაც იმ ცხოვრებასთან ერთად დავკარგე, მაგრამ სკაიპში 4 საათიანი ლაპარაკის მერე მივხვდი – ასეთი რაღაცეები გარდაუვალია, ვიღაცეებს კარგავ, მაგრამ მათთან ნაცნობობით რაღაც დონეზე შენც იცვლები და მერე თუნდაც მათთან ურთიერთობა გაწყვიტო, ის ადამიანები მაინც შენი ნაწილია, უბრალოდ, დააფასე, სანამ მათთან ურთიერთობა გაქვს. :)

May
29

არის ასეთი ბელგიელი სიურეალისტი მხატვარი – რენე მაგრიტი, საინტერესო იდეებითა და ნახატებით, და კიდევ უფრო საინტერესო    დეტალებით თავის ნახატებზე. ერთ ასეთ დეტალზე მინდა მოგიყვეთ. ბილბოკე ჰქვია (bilboquet). პირველად სწორედ რენეს ნამუშევრებზე ვნახე და მაშინვე ყოვლისმომცველ ვიკას ვესტუმრე დამატებითი ინფოსთვის.

აღმოჩნდა, რომ ბილბოკე სინამდვილეში იაპონური სათამაშოს – კენდამას ვესტერნიზებული ვარიანტია. კენდამას ჩაქუჩის ფორმა აქვს, რომელზეც ძაფით  ბურთია გამობმული.ბურთს, რომელსაც თამას (tama) ეძახიან, ნახვრეტი აქვს, რომლითაც მოწყობილობის ლურსმანისებურ გაგრძელებაზე შეიძლება დამაგრდეს.  ჩაქუჩის ფორმის სახელურს კენი (ken) ჰქვია. კენის ზემოთა მხარეს, გვერდებზე ყურებივით გამოშვერილი ნაწილები სინამდვილეში ჩაზნექილი, ჭიქის ფორმის გამონაზარდებია, მაგითაც შეიძლება ბურთის დაჭერა. ეს “ყურები” ერთი შეხედვით თანაბარი ზომისაა, მაგრამ სინამდვილეში ერთი ოდნავ დიდია მეორეზე. დიდს ოზარა ჰქვია, პატარას – კოზარა. ასეთივე, ბურთის მოსათავსებელი  “ჭიქა” აქვს კენის სახელურს ქვემოთაც, სახელად – ჩუზარა.

იაპონიაში კენდამას მოთამაშეთა ასოციაციაც არსებობს. ძირითადად საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობენ, მაგრამ ხანდახან შეჯიბრებებსაც აწყობენ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი იაპონელი კენდამას დამამზადებლის თქმით, არსებობს ბურთის დაჭერის 30,000–მდე ილეთი. კენდამას ევროპაში უკვე რამდენიმე საუკუნეა იცნობენ. ერთ დროს საფრანგეთისა და ინგლისის სამეფო კარზე ყოფილა ძალიან პოპულარული.

თუ ზემოთა აღწერილობიდან ვერაფერიც ვერ გაიგეთ, არა უშავს :D სანამ იუთუბზე არ ვნახე, როგორ თამაშობენ, ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება ამ რაღაცით თამაში :) :)


Dec
29

გუშინ ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი, სადაც შემხვდა ფრაზა ‘არის რაღაცეები, რასაც ცხოვრებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევი. პირველ ყოვლისა, ცხადია, ეს სიკვდილია. მერე მოდის გადასახადები და მერე კიდევ “ბიტლზი”. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია’. ვკითხულობდი და მეღიმებოდა, იმიტომ რომ ბითლომანიის მსგავსი აღიარება ყველაზე მახვილგონივრულია, რაც ოდესმე მომისმენია ან წამიკითხავს, და რაც მთავარია, მე მას ვეთანხმები. :)

წელს, 22 სექტემბერს, ნორფოლკის კინგს ლინის ჰოსპიტალში ერთი უბრალო დიასახლისი გარდაიცვალა. 46 წლისა ავტოიმუნურმა დაავადებამ შეიწირა. მის არსებობას და მით უმეტეს – გარდაცვალებას ვერასოდეს შევიტყობდით, რომ არა 2 წლის წინ BBC-ის რადიოსთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ ჯულიან ლენონთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში. მას ლუსი ერქვა.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჯონ ლენონმა შვილს საბავშვო ბაღში მიაკითხა წამოსაყვანად, ჯულიანმა მას ბავშვური ნახატი აჩვენა და ახარა: ‘ეს ლუსია, ცაში, ბრიალიანტებთან ერთად’. ასე დაიბადა ლეგენდა.

სიმღერა ბითლზის 1967 წლის ალბომში  Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band შევიდა.  საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, კომპოზიცია სინამდვილეში ნარკოტიკული საშუალების – LSD-ს პროპაგანდას წარმოადგენდა. (Lucy in the Sky with Diamonds). ლენონი სულ უარყოფდა ამ დამთხვევას, მაგრამ 2004 წელს პოლმა ბი–ბი–სის განუცხადა – ‘ეს ხომ ისედაც აშკარაა’–ო.

მე მაინც ლუსისეული ვერსიის დაჯერებას ვარჩევდი. ლამაზია და ბავშვურად რომანტიული :)

Oct
13

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, უფრო სწორად, რაღაცეების წერა დავიწყე, მაგრამ როგორც ყველაფერი, რასაც ხელს ვკიდებ ხოლმე, ესაც შუა გზაზე მივატოვე –  ბლოგები დრაფტად დარჩა, დაუმთავრებელ–გამოუქვეყნებელი :) ამ პოსტის დაწერისკენ კი ფსიქეს პოსტმა მიბიძგა, სადაც მან თეატრში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოგვითხრო და მეც მომინდა რამდენიმე ეპიზოდი გამეზიარებინა.

წარმოიდგინე, ერთი თეატრის მოყვარული, ჩვეულებრივი მოკვდავი ხარ, საჩუქრად ‘ფაუსტის’ ბილეთები გიხარია და მთელი კვირა ფრთაშესხმული დაფრინავ დაუვიწყარი შაბათ საღამოს იმედით. ყოველ დილა–საღამოს ითვლი: სამშაბათიც გავიდა, ხვალ უკვე ოთხშაბათია; ხუთშაბათი დაღამდა, პარასკევიც და მეშველება… და აი, როგორც იქნა, შაბათიც დგება. 3 საგნის / 6 საათის განმავლობაში მოთმინებით იტან მოსაწყენ ფასიან ქაღალდებზე ლექციას, მომდევნო 2 საათი ჯეოპარდით გაგყავს დრო და აი, ნანატრი 8 საათიც მოაღწევს ბოლოსდაბოლოს. თეატრალური ელიტის ბრწყინვალებით სავსე არეულობაში წყნარად, ნაბიჯ–ნაბიჯ აღწევ სანუკვარ ადგილს, სავარძელში ჩაესვენები და ნეტარი სახით ელი შუქის ჩაქრობას…

სპექტაკლი შესანიშნავია, დასი ლატვიიდან – წარმოუდგენელ საოცრებებს სჩადის სცენაზე, დარბაზი სულგანაბული მისჩერებია დოქტორ ფაუსტის ვნებებს და ცრემლებს აღვარღვარებს გრეტხენის საცოდაობით, ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს … დიახ, დიახ, სწორად გამოიცანი მეგობარო, ნოკიას სტანდარტული, სრულიად ჩვეულებრივი, ტარა–რაა–რა, ტარა–რაა-რა, ტარა–რაა–რა რა. თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, რა საჭიროა ერთი მობილური ზარის გამო ამ შემთხვევის ასე დრამატიზება, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს ერთი შემთხვევაა არაა, ასეთი რამეები სულ ხდება, თეატრში, კინოში, კონცერტზე. ასეთივე სატელეფონო საუბრის მოწმე გავხდი 1–2 კვირის წინ ‘შემოდგომის თბილისზეც’, ჩემს უკან მჯდომმა თითქმის მთელი 5 წუთი ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ფერის ჩანთის ჩამოკონწიალებას აპირებდა მეორე დღეს რაღაც საღამოზე და რატომ არ უხდება ლილიკოსგან ნათხოვარი ფეხსაცმელი ახალ კაშნეს :D

გავარტყი ‘ყველაზე კულტურული ერის’ შაბლონს, საზოგადოებაში ქცევის ელემენტარული წესები არ ვიცით და მობილურის silent mode ფუნქცია ვერ გამოგვიყენებია /mad/. ნამეტანი აღვფშოთდი მოკლედ :D

ვიდეო ჩემნაირი აღშფოთებულებისთვის :) თურმე მარტო ჩვენთან არ ხდება მსგავსი რამეები და ჰიუ ჯეკმანის შოუსაც შეიძლება შეუშალოს ხელი უწყინარმა მობილურმა :)

Aug
14

ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ ზაფხულში 1 კვირაზე დიდი ხნით დასვენება მეღირსა, თუმცა ამჯერად ეს დასვენება იძულებითია – მაისიდან უმუშევართა მრავალრიცხოვანი არმიის რიგითი გავხდი. ბევრჯერ მითქვამს დიდაქტიკური ტონით – შენ სურვილი თქვი და სამსახურის პოვნას რა უნდა, ე.წ. Summer-job მით უმეტეს–მეთქი, მაგრამ 2–3 თვიანი მონდომებული „ნადირობის“ შემდეგ დავრწმუნდი სურვილი –> გამოხატვა –> ინტერვიუ –> სამსახური ფორმულის არაეფექტურობაში (ეს – თუ იხტიბარს არ გავიტეხ, თორე ისე – სამუშაოს პოვნა პერსპექტიული ახალგაზრდისთვის /Cool/, რომელიც ჯერ ისევ სტუდენტია – თითქმის შეუძლებელია პროტექციონიზმის გარეშე).

მოკლედ, ასე, უსამსახუროდ დარჩენილს, თანაც საუნივერსიტეტო არდადეგების პერიოდში, სხვა რაღა დამრჩენოდა და მშობლიურ მენგრელიას მოვაშურე შემოდგომიდან უკეთესი Job-Hunting ამინდის იმედით.

ალბათ იმ ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომელიც სასწავლებლად ან სამუშაოდ პერიოდულად მიემგზავრება სხვა ქალაქში, კარგად არის ცნობილი იმ უნიკალური ქართული (ან იქნებ მხოლოდ მეგრული? :not sure: ) ფენომენის შესახებ, რომელიც რამდენიმე წინადადებით შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: გამარჯობა–როდის ჩამოხვედი–როდის მიდიხარ : სადაც არ უნდა მოხვდე, ნებისმიერი შემხვედრი, რომელსაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს შენზე (რაც ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორ მასშტაბებს აღწევს პატარა ქალაქებში), სალმისთანავე გისვამს ორ ზემოთხსენებულ „სავალდებულო“ შეკითხვას, თანაც ისე, რომ შენს პასუხს არ ელოდება და დიდად არც აინტერესებს.

სალმისებრთა ოჯახის ამავე ტიპის კითხვა–პასუხს წარმოადგენს მეტად გავრცელებული და ჩვეულებრივზე–ჩვეულებრივი „როგორ ხარ?“, თუმცა აქ მას ერთვის საფუძვლიანი ახედ–დახედვა, მრავალმნიშვნელოვანი ჩაცინება და სტანდარტული „კარგად ყოფილხარ“, რომლის შემდეგაც ან სიამოვნებისგან იბადრები, ან ზევსის სამთითს და ელვა–ჭექა–მიწის გასკდომას ნატრობ (გააჩნია მთქმელს, ჩაცინების ხასიათს, კომპლექსის ხარისხს და რიგ კრიტერიუმებს) ანაც (ჩემს შემთხვევაში :) )  – სტატისტიკის წარმოებას განაგრძობ:  27… 58… არა ეგ თამაზი იყო, 59 …

მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მიყვარს აქაურობა და აქაურები და სინანულის გრძნობით ვტოვებ ხოლმე, თუმცა ჯერ–ჯერობით აქ ვარ და ვეცდები ნაირ–ნაირი მეგრული ამბებით მოგამარაგოთ, ამჯერად სულ ეს იყო. :)

Jul
10

რატომღაც ყოველთვის მაწუხებდა უსაფუძვლო პრეტენზია, რომ წერა შემიძლია. არა უბრალოდ წერა, არამედ ისეთ თემებზე და ისე წერა, რაც სხვასაც დააინტერესებდა. დღეიდან საშუალება მეძლევა ამ ილუზიას ერთხელ და სამუდამოდ გამოვეთხოვო და ვწერო მხოლოდ საკუთარი ჭიის გასახარებლად. ბლოგი საშუალებას მომცემს ანონიმურობა შევინარჩუნო (პირველ ხანებში მაინც :) ), არა იმიტომ კი არა, რომ მეტად “ცნობადი” სახე ვარ და ფართო საზოგადოებრივ გამოხმაურებას ვერიდები, ასე, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილს საკუთარ კომპლექსებთან შერკინება გამიადვილდება მგონია. საკუთარ აზრს ყოველთვის პირდაპირ გამოვთქვამ ისედაც, მაგრამ შინაგანი “ცენზურა” მაქვს ყოველთვის ჩართული და მუდამ კორექტულობის ფარგლებში ვცდილობ გამოვხატო შეხედულებები. არადა ხანდახან კარგი, მადლიანი “შეკურთხებაც” ჰალალია :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.